უახლესი ამბები
Local

IOM, ევროკავშირი აძლიერებენ საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოებას 6 მილიონი ევროს აღჭურვილობით და 500 მესაზღვრის გადამზადებით

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) წარმატებით დაასრულა ოთხწლიანი პროექტი „საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“, ჯამური ბიუჯეტით 8.2 მილიონი ევრო. პროექტი განხორციელდა „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა საქართველოს საზღვრის ინტეგრირებული მართვის სისტემის გაძლიერებას უკანონო მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის მიზნით.

IOM-მა გადაამზადა სასაზღვრო უწყებების 500 თანამშრომელი (მათ შორის 50% ქალი) საზღვრის მართვის მნიშვნელოვან საკითხებში ევროკავშირისა და ადგილობრივი ტრენერების მიერ.

„ეს პროექტი განხორციელდა საქართველოს საზღვრის მართვის ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით კი ამ საკვანძო სფეროს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით. პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას“, - განაცხადა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო უწყებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ასევე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, აღიჭურვა ექვსი მილიონი ევროს ღირებულების საზღვრის ზედამხედველობის მოწინავე სისტემებით, სხვა თანამედროვე აღჭურვილობით, საზღვაო კატარღებითა და ავტომანქანებით.

IOM-ის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან (ნიდერლანდები, საბერძნეთი, სლოვენია და გერმანია) მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა  სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება, გასაუბრების უნარები და ღია წყაროების ანალიზი. 

ამასთან, ადგილობრივ ტრენერებთან ერთად, რომლებმაც გაიარეს ტრენერთა ტრენინგის (ToT) კურსები, საქართველოს რეგიონებში ჩატარდა საზღვრის რისკების ანალიზის და პროფილირების ტრენინგების სერია. ტრენინგები მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის პერსონალის უნარების და ცოდნის გაუმჯობესებას. 

პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სასწავლო ვიზიტები ესტონეთსა და ბელგიაში, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკა ქართველი კოლეგებისთვის.

სასაზღვრო უწყებებისთვის გადაცემული თანამედროვე აღჭურვილობა და სისტემები კიდევ უფრო გააძლიერებს მესაზღვრეების შესაძლებლობებს განახორციელონ სასაზღვრო დაკვირვების ღონისძიებები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები, გაატარონ საბაჟო კონტროლის ზომები, და უზრუნველყონ კოორდინაცია და სასაზღვრო ინციდენტებზე ადეკვატური რეაგირება. ყოველივე ეს გაზრდის საქართველოში სასაზღვრო კონტროლის პროცედურების ეფექტურობას და ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას.

ნიკოლას სენდროვიჩის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირმა 15 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩადო საქართველოში მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროს გაძლიერების მიმართულებით ბოლო ათწლეულის მანძილზე.

„ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ახლა, როცა საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ კანონდებლობა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან და გააძლიეროს საკუთარი საზღვრის მართვა, რომელიც მომავალში გახდება ევროკავშირის გარე საზღვარი“.

აღნიშნული პროექტი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის ნაწილია და მიზნად ისახავს საქართველოს მიგრაციის და საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას, ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესაბამისად.