უახლესი ამბები
Local

IOM Georgia აძლიერებს სერვის ჰაბების ქსელს დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად

2nd consultative meeting of the Service Hubs Network in Tbilisi

თბილისი, 2024 წლის 1 თებერვალი – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) სერვის ჰაბების ქსელის მე-2 საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა თბილისში, რითაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დაბრუნებული მიგრანტებისა და ადგილობრივი თემების სერვისების გაუმჯობესებისკენ. შეხვედრაზე შეიკრიბა თერთმეტი სერვის ცენტრის წარმომადგენელი, შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: ოზურგეთი, ჩოხატაური, ბაღდათი, წყალტუბო, ხარაგაული, ხონი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, ბათუმი და თბილისი (სამგორის რაიონი).

სერვის ჰაბები, რომლებიც შექმნილია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, წარმოადგენენ საკონსულტაციო ცენტრებს, რომლებიც ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის დაბრუნებულ მიგრანტებს. ჰაბები ადგილობრივ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე მორგებულ დახმარებას სთავაზობენ, როგორიცაა ინფორმაციის გაცემა, რეფერალური მომსახურება თუ კონსულტაცია საქართველოში ხელმისაწვდომი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ.

IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, ხაზი გაუსვა სერვის ჰაბების მნიშვნელობას, განსაკუთრებით დაბრუნებული მიგრანტების მზარდი და დივერსიფიცირებული საჭიროებების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ „სერვის ჰაბების ქსელის მეშვეობით, IOM-საქართველო ხელს უწყობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას დაბრუნებულ მიგრანტთა მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, რათა დავეხმაროთ დაბრუნებულთა წარმატებულ რეინტეგრაციასა და ადგილობრივი თემის განვითარებას“.

IOM, საკუთარი ძალისხმევის ფარგლებში, განახორციელა სერვის ჰაბების ინსტიტუციონალიზაციისა და დიჯიტალიზაციის შესაძლებლობების კვლევა, ადგილობრივი თვითმმართველობების კონტექსტში. ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ამ ცენტრების ინტეგრირებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციურ წყობაში და ციფრულ ინფრასტრუქტურაში, რაც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან მდგრადობას.

IOM-ის ხელმძღვანელმა, ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო მიგრაციის პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახალი ცენტრები ხელს შეუწყობს მიგრაციის ერთერთი მიმართულების - რეინტეგრაციის მართვის სფეროში, სახელმწიფო პრიორიტეტების გატარებას და კონკრეტული სარგებელის მიტანას დაბრუნებული თუ პოტენციური მიგრანტებისთვის და საზოგადოების წევრებისთვის.

IOM საქართველო, ბოლო ორი წელია მუშაობს სერვის ჰაბების კონცეფციაზე და ეს ინიციატივა მომავალ წელს კიდევ უფრო გაფართოვდება, დამატებითი ცენტრების გახსნით საქართველოს ოთხი ახლად შერჩეული რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში.

საკონსულტაციო შეხვედრამ სერვის ჰაბების წარმომადგენლებს საშუალება მისცა გაეცვალათ ცოდნა, გაეზიარებინათ მიღებული გაკვეთილები და მიეღოთ ღირებული რეკომენდაციები. მონაწილეებმა მიმოიხილეს სერვის ჰაბების ფუნქციონირება, ყურადღება გაამახვილეს დაბრუნებული მიგრანტების კონსულტირების სფეროში მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე იმსჯელეს ფუნქციების  განვითარების შესაძლებლობებზე.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით (IDF).