უახლესი ამბები
Local

IOM ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებას

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ღონისძიებების მიზანია საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება.

სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი როლის გათვალისწინებით, IOM-მა დამატებითი ნაბიჯები გადადგა ეროვნულ რეფერალურ მექანიზმში მათი ჩართულობის გასაძლიერებლად, რათა გაუმჯობესდეს მსხვერპლთა გამოვლენის მაჩვენებელი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებასთან.

იმის გამო, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები გამოიყენონ თავიანთი კონტაქტები მოწყვლად თემთან ნდობის დასამყარებლად და საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმდინარე ტენდენციების უკეთ გასაგებად, IOM-მა მათი შესაძლებლობების განვითარებაზე ორინეტირებული ღონისძიებები დაგეგმა.

2024 წლის აპრილ-ივნისში ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში IOM-ის ორგანიზებით შეხვედრები ჩატარდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურების, ასევე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრები მიზნად ისახავდა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ექსპლუატაციას, როგორც სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების, ასევე მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეების თვალსაზრისით. 

2024 წლის მაისში 15 პირის დაკავების ფაქტი, რომლებსაც ბრალად ედებათ აზერბაიჯანელი ბავშვების მოწყალების თხოვნის იძულება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტრეფიკინგის ამ კონკრეტული გამოვლინების სიმწვავეს საქართველოში.

IOM-მა შეაფასა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსებული შესაძლებლობები, რომლის საფუძვლზე 2024 წლის მეორე ნახევარში გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის  გამოცხადება.

აღნიშნული შეხვედრები ჩატარდა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მიერ.