უახლესი ამბები
Local

IOM-მა ევროკავშირის დაფინანსებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობა და კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები გადასცა

IOM-მა ევროკავშირის დაფინანსებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობა და კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები გადასცა

2020 წლის 21 იანვარი

130,000 ევროს (400,000 ლარის) ღირებულების აღჭურვილობა და კომპიუტერული პროგრამები მეტად გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს) გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა, პროექტის განმახორციელებელ პარტნიორთან - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა საზღვრის მართვის და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა.  აღნიშნული მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის  განკუთვნილ საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების სიღრმისეული შემოწმებისთვის საჭირო დახვეწილ აღჭურვილობას და ორ ყოვლისმომცველი კომპიუტერული პროგრამების კომპლექტს, რომლებიც საშუალებას მისცემენ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებს სიღრმისეულად გამოიძიონ კიბერდანაშაულის შემთხვევები და კიბერსივრციდან ამოიღონ მტკიცებულებები, რაც ამ დრომდე სირთულეს წარმოადგენდა.  

ცერემონიაზე აუდიტორიას მიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა ბატონმა ვინსენტ რეიმ. მისი თქმით „ეს აღჭურვილობა საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას მეტად ეფექტიანად ებრძოლოს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს, რაც ასევე მოიცავს კიბერდანაშაულის მეტად კომპლექსურ ფორმებს. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ჭრილში და წარმოადგენს ევროკავშირის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოში საზღვრის თანამედროვე და სწორი მართვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“

აღჭურვილობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც მოიცავს 10 მილიონი ევროს (32 მილიონი ლარის) ღირებულების აღჭურვილობას, რომელიც განკუთვნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში გამოსაყენებლად. დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებს დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი რაოდენობის აღჭურვილობა გადაეცათ, რაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას დააკმაყოფილოს მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში არსებული მოთხოვნები და შეასრულოს ვიზა ლიბერალიზაციის ნიშნულები. კიბერდანაშაულის კომპლექსური ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის მსფეროში საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ევროკავშირის კიდევ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.  

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

  • თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ანა კაკუშაძე, კომუნიკაციის ოფიცერი,  IOM, akakushadze@iom.int

გთხოვთ, ეწვიოთ IOM-ის ვებგვერდს www.informedmigration.ge და პროექტის Facebook გვერდს - SBMMG.