უახლესი ამბები
Local

IOM-მა ღია წყაროების ანალიზის ტრენინგი ჩაატარა საქართველოს სასაზღვრო უწყებების ანალიტიკოსებისთვის

5-7 ოქტომბერს IOM-მა ღია წყაროების ანალიზის ტრენინგი ჩაატარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შსს) და საქართველოს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკოსებისთვის ღია წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაში მათი ანალიტიკური უნარების გაზრდის მიზნით.

თბილისში ჩატარებულ სამდღიან ტრენინგს გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი, მატიას უილსონი უძღვებოდა. ინტერაქციული სესიების განმავლობაში, მონაწილეებმა მიიღეს ღია წყაროების ანალიზისა და მისი მეთოდოლოგიის პრაქტიკული, გამოყენებადი ტექნიკების შესახებ ცოდნა. ტრენინგი მიზნად ისახავდა ინფორმაციის შეგროვების, შეფასების, სისტემატიზაციის, ინტერპრეტაციისა და ანალიზის არსებული პრაქტიკების გაუმჯობესებას ტრანსნაციონალური დანაშაულის ყველა ფორმასთან, განსაკუთრებით კი არარეგულარულ მიგრაციასა და საქონლის კონტრაბანდასთან საბრძოლველად. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს IOM-ისგან სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას IOM საქართველოს საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროგრამების უფროსი მენეჯერი, მასიმო რამანზინი, შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი, ნათია ჯაფარიძე და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია გრძელიძე დაესწრნენ და სიტყვით მიმართეს მონაწილეებს.

აღნიშნული აქტივობა IOM-ის პროექტის - „ინტეგრირებული საზღვრის მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.