უახლესი ამბები
Local

IOM-მა საქართველოს საპატრულო პოლიციის ტურისტული პოლიციის თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსები ჩაატარა

29 სექტემბერს IOM-მა დაასრულა ინგლისური ენის კურსები საპატრულო და ტურისტული პოლიციის თანამშრომლებისთვის. კურსები ორიენტირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთათვის, რომლებსაც ყოველდღიური კავშირი აქვთ საქართველოში მცხოვრებ ან ქვეყანაში დროებით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. 

საქართველოში მზარდი მიგრაციის ფონზე, რაც მოიცავს როგორც ტურისტებს, ისე უცხოელ სტუდენტებს, შრომით მიგრანტებსა და საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულ სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ინგლისური ენის ცოდნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს თანამშრომლებისთვის აუცილებელია, რათა უზრუნველყონ კანონის უზენაესობა მიგრანტთა უფლებების გათვალისწინებით. IOM მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობას თანამშრომლების პროფესიული განვითარებისა და ინგლისურ ენაში საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით და მოხარულია აღნიშნულ საკითხში სამინისტროსთვის ხელშეწყობის შესაძლებლობით.

საქართველოს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული კურსები სამ ნაწილად იყო დაყოფილი და ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულებებში, COVID-19-ის არსებული რეგულაციების დაცვით, 14 მაისიდან 29 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.

კურსები პროექტის  „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთსა და საქართველოში“ (EMERGE) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და ყველა მონაწილეს ტრენინგის ბოლოს სერტიფიკატი გადაეცა.

EMERGE სამწლიანი პროექტია, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის სხვადასხვა აქტივობებისგან შედგება. EMERGE მიზნად ისახავს მიგრანტთა უფლებების მხარდაჭერასა და ევროკავშირისა და თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიგრაციის მართვაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას. 

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი აქტივობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობაა. IOM-მა სამინისტროს თანამშრომელთათვის უკვე გამართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და მიგრაციის საერთაშორისო კანონმდებლობის შესახებ. 2021 წელს დამატებით რამდენიმე სემინარი იგეგმება.  ინგლისური ენის კურსი ამ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.