უახლესი ამბები
Local

IOM-ის საჭიროებათა სწრაფი შეფასება: საქართველოში მესამე ქვეყნის მოქალაქე მიგრანტების COVID-19-თან დაკავშირებული დაუცველობა, რისკები და საჭიროებები

IOM-ის საჭიროებათა სწრაფი შეფასება: საქართველოში მესამე ქვეყნის მოქალაქე მიგრანტების COVID-19-თან დაკავშირებული დაუცველობა, რისკები და საჭიროებები

საჭიროებათა სწრაფი შეფასება ჩატარდა IOM-ის მიერ 2020 წლის 8-16 აპრილს და ის მიზნად ისახავდა უაღრესად საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ყველაზე მწვავე გამოწვევების შესახებ, რომლებსაც მესამე ქვეყნის მოქალაქე მიგრანტები აწყდებიან საქართველოში COVI-19-ის პანდემიის კუთხით. შეფასებისას აქცენტი გაკეთდა მიგრანტთა ჯგუფებზე, რომელთა შემთხვევაშიც სავარაუდოა ან ცნობილია, რომ ისინი განიცდიან არაპროპორციულ უარყოფით გავლენებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებში, მათ შორის უკანონო მიგრანტებზე, დაბალი შემოსავლის/დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტ მუშაკებზე, უცხოელ სტუდენტებსა და უარყოფილ თავშესაფრის მაძიებლებზე.

ანგარიში აჩვენებს, რომ ყველაზე მწვავე საჭიროებები გამოწვეულია შემოსავლის დაკარგვით. კვლევამ გამოავლინა სამიზნე ჯგუფებს შორის ჯანდაცვაზე წვდომის კუთხით არსებული შეზღუდვები, ასევე ზოგადად მიგრანტთა მხრიდან სურვილის ნაკლებობა, მიმართონ საქართველოში შესაბამის დაწესებულებებს ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, რა დროსაც მოიხსენიებდნენ პრობლემებს ხელმისაწვდომობის, უნდობლობისა და იმ შიშების კუთხით, რომლებიც დაკავშირებულია მათ იურიდიულ სტატუსთან ან, სექს მუშაკების  შემთხვევაში - მათ საქმიანობასთან, ასევე ენობრივ ბარიერთან. შეფასებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია შეზღუდული ინფორმირებულობა რეკომენდებული პრევენციული ზომების თაობაზე, რაც გამოწვეულია უცხოელებზე ორიენტირებული და მათთვის გასაგებ ენებზე შედგენილი საჯარო ინფორმაციის არარსებობით, ისევე როგორც პირადი დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობით, რომელიც გამოკითხულთა თქმით, რთული მოსაძიებელი ან შესაძენია. რესპონდენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ისეთ გადატვირთულ საცხოვრებელ სივრცეში უწევთ თანაცხოვრება, როგორიცაა, მაგალითად, იაფი ჰოსტელები და საერთო საცხოვრებლები, რაც აფერხებს მათ შესაძლებლობას, გააკონტროლონ რისკის მასშტაბი და ჯანმრთელობის კუთხით არსებული საფრთხეების ზემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რესპონდენტი COVID-19-ის დროს საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებაზე ფიქრობს, უმეტესობა საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.     

IOM-მა საჭიროებათა სწრაფი შეფასება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, EMERGE პროექტის ფარგლებში ჩაატარა. პროექტის მიზანია სომხეთში და საქართველოში  მიგრანტთა უფლებების და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება. შეფასება ოთხ ადგილობრივ NGO-სთან თანამშრომლობით ჩატარდა. ეს ორგანიზაციებია უფლებები საქართველო, მიგრაციის ცენტრი, საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა და მწვანე კავკასია.  

ანგარიში