უახლესი ამბები
Local

ქალები და მიგრაცია: რეინტეგრაციის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში

სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ღონისძიებაზე „ქალები და მიგრაცია: რეინტეგრაციის გამოწვევები და პოტენციალი“.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) – გაეროს მიგრაციის სააგენტომ წარმატებით ჩაატარა ღონისძიება „ქალები და მიგრაცია: რეინტეგრაციის გამოწვევები და პოტენციალი“. ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის, პარტნიორი ქვეყნების საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების, გაეროს სააგენტოების, სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და თავად მიგრანტმა ქალებმა, რათა განეხილათ დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კომპლექსური საკითხები.

საქართველოდან ემიგრირებულ მოქალაქეთა ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ. ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება ქალი მიგრანტების დაბრუნების მაჩვენებელი, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან. დაბრუნებულ ქალებს შორის არიან მიგრანტები,   რომლებიც საზღვარგარეთ ათწლეულების განმავლობაში შრომის შემდეგ დაბრუნდნენ, აგრეთვე პირები, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ და ისინიც, ვინც სამედიცინო დახმარების მიღების იმედით წავიდნენ ქვეყნიდან. 

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, საბინე მახლი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, თამარ ტყეშელაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომდგენელი საქართველოში და ნიკოლას სენდროვიჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და განვითარების სექციის ხელმძღვანელი.

IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის აზრით, რეინტეგრაცია არ არის მარტივი პროცესი დაბრუნებულთა უმეტესობისთვის, განსაკუთრებით კი, ქალებისთვის. უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოში იზრდება დაბრუნებულ მიგრანტ ქალთა რაოდენობა, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ცხოვრების ხელახლა დაწყებისა და აღდგენისთვის, რაც განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა მათ შინ იგივე ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოსოციალური ფაქტორები ხვდებათ, რამაც მათ თავდაპირველად მიგრაცია აიძულა.

„ქალთა საერთაშორისო დღე კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა ღირსეული დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მიგრანტი ქალები აქტიულები არიან და მზად არიან გამოიყენონ ყველა არსებული რესურსი და შესაძლებლობა. მიგრანტი ქალებისთვის გაწეული დახმარება გადაიცემა მათ უშუალო ოჯახის წევრებზეც და ხელახალი მიგრაციის განზრახვები ბევრად იშვიათია, ვიდრე მამაკაცებში. ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, უნარების განვითარება და ფინანსური ცოდნის გაზრდა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მიგრანტ ქალთა რეინტეგრაციის ეფექტურობას“, - განაცხადა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. 

ღონისძიებაზე მიგრანტმა ქალებმა საკუთარი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის გამოცდილებაზე ისაუბრეს, მათ შორის, ეკონომიკურ, სოციალურ და ფსიქოსოციალურ ფაქტორებზე, რომლებსაც ისინი რეინტეგრაციის პროცესში დღემდე აწყდებიან. ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ის პროგრამები და ინიციატივები, რასაც ისინი ახორციელებენ დაბრუნებული ქალების მხარდასაჭერად. ექსპერტებმა იმსჯელეს ეროვნული და მუნიციპალური განვითარების გეგმებში, აგრეთვე, სახელმწიფო და არა-სახელმწიფო პროგრამებში ქალთა ინტერესების უკეთ ასახვის აუცილებლობაზე.

საბინე მახლმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების მზარდი რაოდენობა მნიშვნელოვნად აფერხებს მდგრადი განვითარების 2030-ის შუალედური მიზნების მიღწევას, მათ შორის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონების გაძლიერების მიმართულებით. გენდერული თანასწორობა რჩება ადამიანის უფლებების უდიდეს გამოწვევად. „ქალებში ინვესტიცია არის ინკლუზიური საზოგადოებების შექმნის ქვაკუთხედი. ბევრს შეიძლება გაუჭირდეს საკუთარ საზოგადოებაში რეინტეგრაცია ან სოციალურ-ეკონომიკური კავშირების აღდგენა. საჭიროა მიზნობრივი ინტერვენციები და ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მორგებულია დაბრუნებული ქალების საჭიროებებისა და გამოწვევების გადასაჭრელად.”

ნინო წილოსანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება რეინტეგრაციის საკითხებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. „რაც უფრო მეტს ვფიქრობ და ვმუშაობ ამ თემაზე, მით უფრო ნათლად ვხედავ მიგრანტების უკან დაბრუნების ეფექტური პოლიტიკის აუცილებლობას. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამ ადამიანების დაბრუნება და მათი რესურსის გამოყენება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია."

ღონისძიებაზე IOM საქართველომ მიგრანტი ქალების დაბრუნების ბოლო წლების მზარდი დინამიკისა და ტენდეციების ამსახველი ინფორმაცია წარმოადგინა. IOM-ის თანახმად, დაბრუნებული ქალები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის, ინფორმაციის ნაკლებობა ხელმისაწვდომი რესურსებისა და სერვისების შესახებ; შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი უნარებისა არქონა და დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობების ნაკლებობა; ასევე, სამედიცინო სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მისწრაფება, ითანამშრომლონ გენდერული პრიორიტეტების ამსახველი მიგრაციის პოლიტიკის და პროგრამების შესამუშავებლად, რათა ერთობლივი ძალისხმევით მხარი დაუჭირონ ქალ მიგრანტთა წარმატებული რეინტეგრაციას საქართველოში.