უახლესი ამბები
Local

მგზავრის წინასწარი მონაცემის / მგზავრის სახელის ჩანაწერის საკოორდინაციო და მონაცემების ანალიზის სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამთავრობო უწყებებისთვის

2021 წლის 15 ნოემბერს, IOM-მა საქართველოს სამთავრობო უწყებებისთვის საკოორდინაციო შეხვედრა გამართა მგზავრის წინასწარი მონაცემის / მგზავრის სახელის ჩანაწერის (API/PNR) საკითხზე, რომელსაც შესაბამისი მონაცემების ანალიზის სემინარით (16-17 ნოემბერი) დაბოლოვდა. საკოორდინაციო შეხვედრაზე შეჯამდა IOM-ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ფარგლებში ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები და განხილულ იქნა განხორციელებისთვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯები.

ბოლო წლების მანძილზე, IOM-მა შეისყიდა API/PNR პროგრამული უზრუნველყოფა/ავიაკომპანიებთან ინფორმაციის მიმოცვლის პლატფორმა, ისევე როგორც ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც გადაეცა საქართველოს შესაბამის სასაზღვრო უწყებებს. დამატებით ჩატარდა რამდენიმე ტრენინგ ღონისძიება, რომელთაგან ბოლო 16-17 ნოემბრის სემინარია. სემინარის მსვლელობისას IOM-ის თემატურმა კონსულტანტმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს მგზავრის მონაცემების ანალიზის პროცესი და API/PNR სისტემის ფუნქციონირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გააცნო, რომელიც მათ დაეხმარებათ API/PNR ინფორმაციის ეფექტიანად გამოყენებაში.

ამ სფეროში IOM-ის მხარდაჭერა გაგრძელდება უახლოეს მომავალში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი - „საზღვრის ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს.