უახლესი ამბები
Local

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ იმერეთის გუბერნატორს რეგიონში განხორციელებული პროექტების შედეგები წარუდგინა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, იმერეთის გუბერნატორს, ზვიად შალამბერიძეს შეხვდა 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, იმერეთის გუბერნატორს, ზვიად შალამბერიძეს შეხვდა და 2020-2022 წლის პერიოდში „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ, რეგიონში განხორციელებული პროექტების შედეგები წარუდგინა.

საპილოტე პროექტი, რომელიც იმერეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში, წყალტუბოში, ბაღდათში, ხონსა და ხარაგაულში განხორციელდა, სამშობლოში უკან დაბრუნებულ მიგრანტთა მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობასა და მიგრანტთა დაბრუნების თემების განახლება-გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 

„ჩვენ შევხვდით იმერეთის გუბერნატორს და გავაცანით მას რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში წარმატებით განხორციელებული პროექტების შედეგები. ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას იმერეთში, რათა უზრუნველვყოთ უკან დაბრუნებულ მიგრანტთა მდგრადი რეინტეგრაცა და მათთვის და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთათვის შევქმნათ უკეთესი ცხოვრების პირობები,“ განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

პროექტის ფარგლებში, ყველა აღნიშნული მუნიციპალიტეტის შენობაში უკვე ფუნქციონირებს, ერთი ფანჯრის პრინციპით შექმნილი ე.წ. სერვის ჰაბები, რომლებიც დაბრუნებულ მიგრანტებსა და არამიგრანტ მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას, უწევს კონსულტაციასა და მიზნობრივად ამისამართებს,  ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებსა და სერვისებზე. 

გარდა ამისა, პროექტის შედეგად, მხარი დაეჭირა უკან დაბრუნებული მიგრანტებისა და თემის არამიგრანტი მოსახლეობის ერთობლივ ბიზნეს პროექტებს, ასევე განხორციელდა მიგრანტების დაბრუნების ადგილებში გამოვლენილი თემის განვითარების პრიორიტეტული პროექტები.

„ბოლო წლებია რაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ცხადია, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებულია, რადგან ნათლად ვხედავთ შედეგებს, რომლებიც აისახება ჩვენს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროექტში. ძალიან მკაფიო და კარგი გეგმები აქვს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას იმერეთის რეგიონთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ მომავალშიც კიდევ უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის და ზოგადად თემის კეთილდღეობის მიზნით,“ თქვა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ. 

მთლიანობაში, იმერეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად, 150 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.