უახლესი ამბები
Local

მსოფლიო მიგრაციის 2024 წლის ანგარიში ადამიანის მობილობის უახლეს გლობალურ ტენდენციებსა და გამოწვევებს ავლენს

  • საერთაშორისო ფულადი გზავნილები 650 პროცენტით გაიზარდა 2000-2022 წლებში, 128 მილიარდი აშშ დოლარიდან 831 მილიარდ აშშ დოლარამდე; 
  • მიგრანტების ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მეტად ზრდის მშპ-ს განვითარებად ქვეყნებში; 
  • მთელ მსოფლიოში საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობა 281 მილიონს აღწევს. იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობამ 2022 წლის ბოლოსთვის რეკორდულ მაჩვენებელს - 117 მილიონს მიაღწია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) მსოფლიო მიგრაციის 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გლობალური მიგრაციის შესახებ მნიშვნელოვან ტენდეციებს ავლენს, მათ შორის, დევნილთა რეკორდულ რაოდენობას და საერთაშორისო ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან ზრდას.

IOM-ის გენერალურმა დირექტორმა ემი პოპმა ანგარიში ოფიციალურად ბანგლადეშში წარადგინა, სადაც მიგრაციის გამოწვევები, მათ  შორის, ემიგრაცია, იმიგრაცია და იძულებით გადაადგილება მწვავე საკითხებია.

„მსოფლიო მიგრაციის 2024 წლის ანგარიშში ნათლადაა წარმოჩენილი ადამიანის მობილობის თანმდევი სირთულეები მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემებისა და ანალიზის მეშვეობით“, - განაცხადა IOM-ის გენერალურმა დირექტორმა ემი პოპმა პრეზენტაციაზე. ”მსოფლიოში, რომელიც ებრძვის გაურკვევლობას, მიგრაციის დინამიკის აღქმა აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და ეფექტური პოლიტიკის შემუშავებისთვის. მსოფლიო მიგრაციის ანგარიში აღრმავებს ამ ცოდნას გრძელვადიან ტენდენციებსა და ახალ გამოწვევებზე დაკვირვებით”.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო მიგრაცია რჩება ადამიანური განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორად, რაც ნათლადაა ასახული საერთაშორისო ფულადი გზავნილების 650 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელში, რომელიც 2000 წლიდან 2022 წლამდე 128 მილიარდი აშშ დოლარიდან 831 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ზრდა გაგრძელდა მიუხედავად მრავალი ანალიტიკოსის პროგნოზისა, რომ ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა COVID-19-ის გამო.

ამ 831 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილებიდან 647 მილიარდი მიგრანტებმა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში გააგზავნეს. მიგრანტთა ფულადი გზავნილები ასეთი ქვეყნების მშპ-ს უფრო მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ვიდრე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები.

ანგარიში ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მიგრაცია ხელს უწყობს ადამიანურ განვითარებას, გამოწვევები კვლავ რჩება. მსოფლიოში დაახლოებით 281 მილიონი საერთაშორისო მიგრანტია. კონფლიქტის, ძალადობის, ბუნებრივი კატასტროფისა და სხვა მიზეზების გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი რეკორდულ დონემდე გაიზარდა და 117 მილიონს მიაღწია, რაც დევნილთა კრიზისების გადაჭრის აუცილებლობას ავლენს.

მიგრაცია, კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ხშირად სენსაციური ამბებით ირჩდილება. თუმცა, რეალობა ბევრად უფრო კომპექსურია, ვიდრე ამას ხმაურიანი სათაურები ასახავს. მიგრაციის დიდი წილი რეგულარულ, უსაფრთხო და გეოგრაფიული რეგიონის შიდა გადაადგილებაზე მოდის, და პირდაპირ კავშირშია ახალ ეკონომიურ შესაძლებლობებთან და საარსებო წყაროსთან. დეზინფორმაციამ და თემის პოლიტიზირებამ კი საზოგადოების მიერ ამ თემის აღქმა დაავიწროვა და გაჩნდა აუცილებლობა მიგრაციის დინამიკის მკაფიო და ზუსტი ასახვის.

IOM-ის მსოფლიო მიგრაციის ანგარიში, თავისი ინოვაციური ციფრული კვლევის მეთოდებით და ყოვლისმომცველი ანალიზით მიზნად ისახავს გააბათილოს არასწორი წარმოდგენები და საფუძველი დაუდოს ადამიანთა მობილობის გამოწვევებთან გასამკლავებელ ეფექტურ ქმედებებს.

„ვიმედოვნებთ, რომ ანგარიში ბიძგს მიცემს ერთობლივ ძალისხმევას მიგრაციის პოტენციალის უკეთესად გამოსაყენებლად, რაც ხელს შეუწყობს ადამიანურ განვითარებას და გლობალურ კეთილდღეობას “, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა პოპმა.

მსოფლიო მიგრაციის 2024 წლის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: მსოფლიო მიგრაციის ანგარიში 2024 | მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, IOM