უახლესი ამბები
Local

როგორ მოქმედებს COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები ევროპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

როგორ მოქმედებს COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები ევროპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე

IOM-ის მიგრანტთა რესურს ცენტრები საქართველოს მოქალაქეებს  უსაფრთხო მიგრაციის და უვიზო მიმოსვლის თემებზე წლებია სთავაზობენ ინდივიდუალურ და ონლაინ კონსულტაციას და ატარებენ გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს. COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ და ევროკავშირის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, IOM იყენებს მის Facebook ჯგუფს "უვიზოდ ევროპაში". საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭირდო თანამშრომლობით IOM ჯგუფის 4800 წევრისთვის (წევრების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს) უზრუნველყოფს უახლეს და ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომას; წევრების 82% ქალია. წევრებს შორის არიან კანონიერი და უკანონო მიგრანტები, რომლებიც იმყოფებიან საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში, ესპანეთში, პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, კვიპროსში, ისრაელში და სხვადასხვა მიზეზის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

 

ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრანტთა რესურს ცენტრები თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში მუშაობდნენ უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობაზე და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მიგრაციის მიზეზის თუ ხანგრძლივობის მიუხედავად, COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები ცხადყოფს ინფორმირებული და დაგეგმილი მიგრაციის მნიშვნელობას. 

COVID-19-ის შედეგად საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ვერ ბრუნდება სხვადასხვა ქვეყნიდან, ვერ ახერხებს შეიძინოს დასაბრუნებელი ბილეთი, უჭირს საელჩოსთან დაკავშირება და დახმარების მისაღებად აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. ამ ყველაფრის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის ის, რომ მათ არ აქვთ დანაზოგი, არ ენდობიან სამართალდამცავ უწყებებს, არ იციან ვის და რა ფორმით მიმართონ. ბევრს ეშინია უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის ან სხვა, გაურკვეველი ვითარებების გამო ღელავს. ზოგიერთს სურს დაბრუნება, მაგრამ საზღვარზე წლების მანძილზე დარღვევების გამო დაგროვებული ჯარიმის, ათასობით ლარის, გადახდის საშუალება არ აქვს. ბევრ საქართველოს მოქალაქეს ეშინია, რომ თუ დროებით საქართველოში ჩამოვა, დარღვევების გამო COVID-19-ის მერე ევროკავშირის ქვეყნებში დაბრუნება გაუჭირდება. 

IOM განაგრძობს უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. მას შემდეგ, რაც ევროკავშირში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ისევ აქტუალური გახდება, მიგრანტთა რესურს ცენტრები გააგრძელებენ ინფორმირებული და უსაფრთხო მიგრაციის თემებზე ცნობიერების ამაღლებას.  

ჩამოტვირთე ინფოგრაფიკი