უახლესი ამბები
Local

საქართველომ და UNOCT-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გასაძლიერებლად

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) კონტრტერორიზმის ოფისმა (UNOCT), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს და შეთანხმებას, რომელთა მიხედვითაც მხარეები თანხმდებიან გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, GoTravel-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

დოკუმენტები დააჩქარებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარების მიწოდებას გაეროს ტერორისტებთან ბრძოლის პროგრამის (CT Travel) ფარგლებში. მემორანდუმის საფუძველზე, გაერო გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ტერორისტების და კრიმინალების გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, მგზავრობის ინფორმაციის ინტერპოლისა და სხვა საერთაშორისო და ეროვნულ მონაცემთა ბაზებში გადამოწმების გზით. შეთანხმება საშუალებას მისცემს UNOCT-ს ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს და გადასცეს ლიცენზია გაეროს „goTravel“ პროგრამული გადაწყვეტისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მისაღებად, რაც ხელს შეუწყობს მგზავრის წინასწარი ინფორმაციის (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) მონაცემების შეგროვებას და ანალიზს.

საქართველო ერთ-ერთია იმ 70-ზე მეტი წევრი სახელმწიფოდან, რომლებიც შეუერთდნენ CT Travel პროგრამას, მისი ამოქმედებიდან - 2019 წლის მაისში. აღნიშნული შეთანხმებები ქმნის სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს, რომელიც დაეხმარება საქართველოს უზრუნველყოს შესაბამისობა საერთაშორისო კანონმდებლობასთან (ადამიანის უფლებები, ლტოლვილთა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი), მგზავრთა მონაცემების გამოყენებისას.

CT Travel პროგრამა იყენებს "ერთი გაერო"-ს (One-UN) პარტნიორობის მიდგომას, იმისთვის, რომ განახორციელოს ყოვლისმომცველი და წევრ სახელმწიფოებზე მორგებული მხარდაჭერა, ექვსი პარტნიორის ჩართულობით, მათ შორის გაეროს კონტრტერორისტული აღმასრულებელი დირექტორატი (CTED), გაერთიანებული ერების ოფისი ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ (UNODC), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), გაეროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ოფისი (UNOICT) და კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (INTERPOL) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

საქართველოს და CT Travel პროგრამას შორის თანამშრომლობას ხელი შეუწყო IOM-ის მისიამ საქართველოში. IOM 2018 წლიდან ეხმარება საქართველოს მგზავრის წინასწარი ინფორმაციის (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) სისტემის დანერგვაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში. აღნიშნული დახმარების შედეგად, საქართველოს განავითარა საჭირო ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურა და შეძლო წამყვან ავიაკომპანიებთან კავშირების დამყარება მგზავრთა მონაცემების მისაღებად, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ტერორიზმთან და მძიმე დანაშაულთან ეფექტურად ბრძოლას.