უახლესი ამბები
Local

სერვის ჰაბები 380 დაბრუნებულ მიგრანტს მოემსახურა 2024 წელს

2024 წლის 20 ნოემბერს, სერვის ჰაბების ქსელის რიგით მეოთხე შეხვედრა ჩატარდა.

2024 წელს, სერვის ჰაბების თანამშრომლებმა ორ ათასზე მეტ ადამიანს, მათ შორის, სამას ოთხოცამდე დაბრუნებულ მიგრანტს გაუწიეს მომსახურება. 

2024 წლის 20 ნოემბერს, სერვის ჰაბების ქსელის რიგით მეოთხე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მონაწილეებმა შეაჯამეს მიმდინარე წლის შედეგები და განიხილეს ჰაბების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. 

ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი სერვის ჰაბები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით შეიქმნა. სერვის ჰაბები წარმოადგენს საინფორმაციო - საკონსულტაციო და რეფერალურ ცენტრებს, რომლებიც ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის დაბრუნებულ მიგრანტებს, გასცემენ რა რეგულარულად განახლებულ ინფორმაციას, უწევენ ხარისხიან კონსულტაციას და მიზნობრივად ამისამართებენ მათ საქართველოში ხელმისაწვდომ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სოციო-ეკონომიკური სერვისებსა და პროგრამებზე. 

ამჟამად, სერვის ჰაბები ფუნქციონირებს თორმეტ მუნიციპალიტეტში - ოზურგეთი, ჩოხატაური, ბაღდათი, წყალტუბო, ხარაგაული, ხონი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, ბათუმი და თბილისი. სერვის ჰაბების ქსელი არსებულ ცენტრებს შორის ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.

„დაბრუნებულ მიგრანტებს მეტად ესაჭიროებათ  დაკვალიანება და სწორად გადამისამართება შესაბამის თემატურ სახელმწიფო თუ ადგილობრივ სტრუქტურებში, შესაბმისი პროგრამის ან სერვისის მიზნობრივად გამოყენებისათვის. სხვა სერვისებთან ერთად, მნიშვნელოვანია დასაქმების მიმართულება“, - ამბობს, თელავის სერვის ჰაბის წარმომადგენელი ნელი აბეჩხრიშვილი. „შესაბამისად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ, ერთმანეთს დავაკავშიროთ, მუნიციპალიტეტში მოქმედი ბიზნესი, და დაბრუნებული მიგრანტები.“ 

სერვის ჰაბების მიერ გაწეული მომსახურება მრავალფეროვანია, მოიცავს როგორც სანდო ინფორმაციის და პროფესიული კონსულტაციის მიწოდებას სოციალურ საკითხებზე, ასევე ეკომონიკურ საქმიანობის დაწყება და განვითარებასთან დაკავშირებულ რჩევებს. სერვის ჰაბების ქსელის შექმნა მიზნად ისახავს რეგულარული კომუნიკაციის ხელშეწყობას, არსებული კარგი გამოცდილების გაზიარებას და გამოწვევებზე ერთობლივად მსჯელობის და გადაჭრის გზების ძიებას.

„სერვის ჰაბების ქსელის მეშვეობით, მხარს ვუჭერთ დაბრუნებული მიგრანტებისთვის საინფორმაციო - საკონსულტაციო სერვისის განვითარებას  ადგილობრივ დონეზე. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, IOM გააძლიერებს ადგილობრივი თვითმმათველობის შესაძლებლობებს, რათა მათ წვლილი შეიტანონ  დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის პროცესში, აგრეთვე ხელს შევუწყობთ ამ საკითხზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - - აცხადებს ლარს იოჰან ლოუნბეკი, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

სერვის ჰაბების წარმომადგენლების ინფორმაციით, მათი დახმარებით 2024 წელს სამასამდე ადამიანი ჩაერთო ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა სახელმწიფო თუ დონორის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში. „ჩვენს მუნიციპალიტეტში, კონსულტირების ძირითადი თემატიკა ეკონომიკურ საქმიანობის წამოწყებას ან განვითარებას უკავშირდება. მიმდინარე წელს გაზრდილია დაბრუნებული მიგრანტების მომართვიანობაც“, - ამბობს ოზურგეთის სერვის ჰაბის წარმომადგენელი ნანა მელაშვილი.

მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს რეინტეგრაციის პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობასა და ადგილობივ დონეზე დაბრუნებული მიგრანტების შესახებ მონაცემების არსებობის საჭიროებაზე. 

„ყველა რესურსს ვიყენებ სერვის ჰაბების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, შესაბამისად, არა მხოლოდ უკვე ჩამოსული, არამედ ჯერ კიდევ საზღვარგარეთ მყოფი, დაბრუნების მსურველი მიგრანტებიც მიკავშირდებიან, ინფორმაციის მისაღებად. ასევე, ძალიან კარგად ვთანამშრომლობ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეინტეგრაციის სამსახურთან“, - ამბობს ახმეტის სერვის ჰაბის წარმომადგენელი ბელა მარუქაშვილი.

IOM საქართველო აგრძელებს დაბრუნებული მიგრანტებისათვის ინფორმაციასა და მომსახურებაზე წვდომის მხარდაჭერას. სერვის ჰაბების შემდგომი განვითარება, მათ შორის, მათ ინსტიტუციონალიზაციას და გაციფრულების მხარდაჭერა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, IOM-ის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.