უახლესი ამბები
Local

თბილისის მიგრაციის მმართველობის შეფასების ანგარიში 2023

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მიგრაციის მმართველობის ინდიკატორების (MGIs) ადგილობრივი შეფასების შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია მიგრაციის მმართველობის სფეროები მუნიციპალიტეტის სტრუქტურის გათვალისწინებით და წარმოდგენილია შემდგომი განვითარების გზები.

შეფასება ცხადყოფს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მნიშვნელობას მიგრაციის მმართველობაში. ეს ტენდენცია გამოწვეულია სწრაფი ურბანიზაციისა და ქალაქების როლის გაზრდით, რომლებიც მიგრაციის მთავარ კერებს წარმოადგენენ.  

„მიგრაციის მმართველობის ინდიკატორების შეფასების შედეგად, თბილისის თვით-მმართველობა შეძლებს კრიტიკულად შეაფასოს და გააძლიეროს მიგრაციის პოლიტიკა და პრაქტიკა. IOM მუდამ მზად არის ითანამშრომლოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მიგრაციის მმართველობის კომპლექსური გამოწვევების გადასაჭრელად, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ თბილისში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის 33.2 პროცენტს, არამედ შექმნის კარგ პრეცედენტს მიგრაციის მმართველობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - აღნიშნავს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, IOM-ის საქართველოს მისიის უფროსი.

შეფასების მიხედვით, მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომია მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვისა და განათლების სერვისები თბილისში, რაც განსაზღვრულია ეროვნული პოლიტიკით. მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ დიასპორასთან ადგილობრივი განვითარების გეგმების მიმართულებით. ინფორმაცია სახელმწიფო და არასახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და სერვისების შესახებ დაბრუნებულ მიგრანტებს მიეწოდება მუნიციპალური სერვის ჰაბების მეშვეობით, რომლებიც შექმნილია IOM-ის ინიციატივით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

2023–2025 წლების მუნიციპალური გენდერული სტრატეგიის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტი მუშაობს გენდერული თანასწორობის მიმართულებით და ზრუნავს მიგრანტების ინტეგრაციაზე, 2018 წელს ინიცირებული „ისწავლე და იმუშავე“ პროგრამის ფარგლებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს IOM-თან და სხვა პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს ლტოლვილთა ჩამოსვლასა და დროებით დარჩენას, აგრეთვე მიგრანტთა რეინტეგრაციას.

რეკომენდირებულია, რომ სამომავლო ნაბიჯები ორიენტირებული იყოს ისეთი სტრატეგიების შემუშავებაზე, რაც გააძლიერებს მიგრანტების ჩართულობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და გაზრდის ხელმისაწვდომობას მთავრობის მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე. აღიარებულია, რომ საჭიროა ახალ ჩამოსული მიგრანტებზე მორგებული საორიენტაციო პროგრამები და მიგრანტი ბავშვების დასაცავად ადგილობრივი პროცედურების განხორციელება. ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა ემიგრანტებზე და ემიგრაციის გავლენის შეფასება, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე, გადამწყვეტია შემდგომი განვითარებისთვის.

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.