უახლესი ამბები
Local

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართა

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართა

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გამართა.

ფორუმი მიზნად ისახავდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

„ჩვენი ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქართული დიასპორა ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა აყვანილია ძალიან მაღალ ნიშნულზე.“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.

ფორუმის ფარგლებში ორი თემატური შეხვედრა გაიმართა - „ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის“ და „განათლება და კულტურა". პირველ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო IOM საქართველოს ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორმა - ნათია კვიციანმა, რომელმაც მიმოიხილა IOM-ის მიერ, როგორც უკვე განხორციელებული, ასევე დაგეგმილი აქტივობები, რომელთა მიზანიც განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობაა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმა,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - კახა კუჭავამ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ბექა ოდიშარიამ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა - ლევან იოსელიანმა.