უახლესი ამბები
Local

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელში“ გაერთიანდა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, დღეს, „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ დააფუძნა. ქსელის შექმნის შესახებ მემორანდუმს შეუერთდნენ „უფლებები საქართველო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლიგიური ცენტრი „თანადგომა“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“, „საქართველოს კარიტასი“, „მიგრაციის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, ასოციაცია „მერკური“, „Tok-TV“ და „აფხაზინტერკონტი“.

ქსელის წევრი-ორგანიზაციები იმუშავებენ საქართველოში მიგრაციის საკითხების გარშემო არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრაზე. კერძოდ, ჩაატარებენ ერთობლივი კვლევებს, შეიმუშავებენ რეკომენდაციებსა და საკანონმდებლო წინადადებებს, განახორციელებენ მიგრაციის საკითხების ადვოკატირებასა და ლობირებას. ქსელის საქმიანობას კოორდინაციას უწევს „უფლებები საქართველო“.

ქსელი შეიქმნა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქსელის შექმნა მიგრაციის საკითხების გადასაჭრელად და საქართველოში მცხოვრები მიგრანტების სამართლებრივი დახმარება“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით ახორციელებს.