უახლესი ამბები
Local

უწყვეტი სასმელი წყალი უკეთესი ცხოვრებისათვის

IOM-ის მიერ მხარდაჭერილი სასმელი წყლის ჭაბურღილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის იგორეთში  

საქართველოში უკან დაბრუნებულ მიგრანტთა რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა ხერხებით ბრუნდებიან სამშობლოში, ყოველწლიურად მზარდია და ყველაზე ხშირად მიგრანტები რეინტეგრაციისა და დასაქმების პრობლემებს აწყდებიან. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამ მიმართულებით ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიურად თანამშრომლობს, და დაბრუნებული მიგრანტების დასაქმებისა და მათი მარტივად ადაპტაციისათვის, სხვადასხვა ეკონომიკურ და სათემო ინიციატივებს უჭერს მხარს.

იმისათვის,  რომ მიგრანტების დაბრუნების ადგილებში განსახორციელებელი ბიზნეს თუ მცირე სათემო პროექტები დაიგეგმოს და შედგეს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მასშტაბურ სამუშაოს ატარებს მრავალმხრივი მიმართულებით, როგორებიცაა: სამიზნე მუნიციპალიტეტების შერჩევა, შერჩეული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობებთან ინტენსიური შეხვედრები და თანამშრომლობის პერსპექტივების ჩამოყალიბება, ადგილზე არსებული მიგრაციული სურათისა და განწყობის შესწავლა, ადგილობრივ მოსახლეობაში სოციოლოგიური კვლევების ჩატარება არსებული საჭიროებების გამოვლენის მიზნით, თემის გაძლიერების პრიორიტეტების დადგენა და საბოლოო ჯამში გამოვლენილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომლებიც თემის განახლება-გაძლიერებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.   

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი კიცხის იგორეთი, სწორედ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ ფარგლებში შერჩეული ერთ-ერთი სამიზნე სოფელია, სადაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად ძალზე მნიშვნელოვანი, სასმელი წყლის ჭაბურღილის პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა.  

„სოფელ იგორეთში, რომელიც მკვეთრი მიგრაციული ტენდენციით გამოირჩევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის ჭაბურღილის არარსებობა უმძიმეს და გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა წლების განმავლობაში. ეს გარემოებაც განაპირობებდა იმას, რომ ადგილობრივები თავიანთ საცხოვრისს ტოვებდნენ და სხვაგან გადადიოდნენ, უკეთესი პირობების ძიების მიზნით. სწორედ ამ დროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოგვმართა და თანამშრომლობა შემოგვთავაზა. მინდა ვთქვა, რომ ეს გახლდათ ჩვენთვის უდიდესი შვება და სიამოვნებით დავთანხმდით ერთობლივი ძალებით, ფინანსური კონტრიბუციით ეს უნიკალური პროექტი - სასმელი წყლის ჭაბურღილი განგვეხორციელებინა. რაც ხელს უწყობს მიგრაციული პროცესების შენელებას და მოსახლეობას მომავლის იმედს უსახავს,“ განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ამჟამად 170 ოჯახზე მეტს უწყვეტად მიეწოდება სასმელი წყალი, რაც მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება, ეს ყოველივე კი თემის განახლება-გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.  

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), 2002-2023 წლებში, ახორციელებდა პროექტს „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, რომელიც დაფინანსებული იყო მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

 

ფოტო: IOM საქართველო