ნებაყოფლობით დაბრუნებაში დახმარება და რეინტეგრაცია (AVRR) მიგრაციის მართვისადმი კომპლექსური მიდგომის განუყოფელი ნაწილია. დაბრუნებაში დახმარების პროგრამების ფარგლებში მიგრანტები იღებენ ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ და ფინანსურ დახმარებას. გარდა ამისა, მიგრანტების ნაწილი იღებს სარეინტეგრაციო დახმარებას დაბრუნების შემდგომ.

IOM საქართველოს ოფისის მიერ გაწეული დახმარება მოიცავს: ინფორმაციის მიწოდებას გამომგზავრებამდე, ვირტუალურ კონსულტაციას, აეროპორტში დახვედრასა და ტრანსპორტირების ორგანიზებას საქართველოს მასშტაბით (ტრაპთან სასწრაფო დახმარების მანქანის ჩათვლით), სამედიცინო და სოციალურ პროგრამებში გადამისამართებას (ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას), დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო დახმარებას, პროფესიულ სწავლებას, დასაქმებაში ხელშეწყობას, საშემოსავლო პროექტების დაფინანსებას.

ამ მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს უწევენ IOM-ის კონსულტანტები 5 ოფისში საქართველოს მასშტაბით.

2003 წლიდან დღემდე საქართველოს 25,000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში IOM-ის დახმარებით, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან და შვეიცარიიდან. მათ შორის 6,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სარეინტეგრაციო დახმარება. ყველაზე მეტი ქართველი ბრუნდება საბერძნეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან.

 

გთხოვთ იხილოთ ცხრილი:

 

Types of Assistance 2003-2021                      

 

ყველაზე პოპულარული სარეინტეგრაციო საქმიანობაა საშემოსავლო პროექტები, სადაც დაბრუნებული პირები იწყებენ მცირე ბიზნესს, რათა თავიანთი ოჯახებისთვის უზრუნველყონ ყოველდღიური შემოსავალი. საქმიანობის ტიპი მეტწილად დამოკიდებულია საცხობრებელ ადგილზე (ქალაქი ან სოფელი) და რათქმაუნდა თითოეული დაბრუნებული პირის გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე.

პროფესიული განათლება და დასაქმებაში ხელშეწყობა

IOM საქართველო 2015 წლიდან ახორციელებს დაბრუნებულთა მხარდაჭერას პროფესიული განათლებისა და დასაქმების მიმართულებით. თავდაპირველად ეს კომპონენტი მხოლოდ ბელგიიდან დაბრუნებულთათვის იყო ხელმისაწვდომი, რადგან დამატებით დაფინანსებას ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი დონორი გამოყოფდა, თუმცა 2018 წლიდან ეს მომსახურება აგრეთვე ხელმისაწვდომია დაბრუნებლთათვის საბერძნეთიდან, ფინეთიდან და ირლანდიიდან. 

ეს კომპონენტი მოიაზრებს დაინტერესებული დაბრუნებული პირების ტრენინგის საჭიროებების შეფასებას, მათი ინტერესების/გამოცდილების შესაბამისი პროფესიული სწავლების კურსების შერჩევას და შემდგომ ხელშეწყობას დასაქმების კუთხით. ეს ყველაფერი კეთდება ტრენინგ პროვაიდერებთან და დამსაქმებლებთან მჭიდრო კოორდინაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაბრუნებულ პირთა დიდი ნაწილი არის ახალგაზრდები, რომელთაც საზღვარგარეთ შეიძინეს გარკვეული უნარ-ჩვევები და გამოცდილება. მათ სჭირდებათ დახმარება უცხო ენების შესწავლასა და პროფესიური უნარ-ჩვევებისის გაძლიერებაში. ეს მათ ეხმარება სამუშაოს მოძიებაში საქართველოში. შესაბამისად, გრძელვადიანი რეინტეგრაციის მიზნით, IOM-ის საქართველოს მისია ეხმარება მათ შესაბამისი პროფესიული გადამზადების კურსების მოძიებაში, სამუშაოზე მოთხოვნასთან დაკავშირებასა და დასაქმებაში ძირითადად კერძო, მაგრამ ასევე სახელმწიფო სექტორშიც.

ამ პროგრამის ფარგლებში IOM საქართველო:

  • მჭიდროდ თანამშრომლობს ტრენინგების პროვაიდერებთან და დამსაქმებლებთან ქვეყნის მასშტაბით;
  • ამაღლებს დაბრუნებული მიგრანტების ცნობიერებას პროფესიული სწავლების უპირატესობის შესახებ და ხელს უწყობს მათ დასაქმებას;
  •  უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ტრენინგებს.

2017-2021 წლებში, 242 პირმა გაიარა კონსულტაცია დასაქმებასთან დაკავშირებით და გადამისამართდა შესაბამის დაწესებულებებში, 124-მა პირმა გაიარა ტრენინგი და 80 პირი დასაქმდა.

არსებულ კონტაქტებზე დაყრდნობით და გამოცდილებიდან გამომდინარე IOM საქართველო მსგავს მომსახურებას უწევს სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულ დაინტერესებულ პირებსაც.

მიგრანტი ქალები

დაბრუნებული ქართველი მიგრანტი ქალების რაოდენობა წლების განმავლობაში იზრდება და მათი წილი მთლიან დაბრუნებებში მზარდია. მატება აშკარაა 2018 წლიდან. 2022 წელს პირველად საქართველოში IOM-ის დაბრუნების პროგრამების სტატისტიკაში, მიგრანტი ქალები აჭარბებდნენ დაბრუნებული მიგრანტი მამაკაცების რაოდენობას და მათი წილი კვლავ იზრდება. 

დაბრუნებული მიგრანტ ქალთა 40%-მდე დაქვრივებულია ან განქორწინებული ან მარტოხელა დედები არიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი თავიანთი ოჯახების მთავარი მარჩენალნი არიან და სხვა მოწყვლადობისა და რთული მიგრაციის ისტორიები გააჩნიათ.

  • საქართველოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
  • შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი უნარების ნაკლებობა;
  • შემოსავლის შესაძლებლობებისა და ადეკვატური დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა, განსაკუთრებით იმ ქალებისთვის ვისაც მცირეწლოვანი შვილი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს;
  • ოჯახის ავადმყოფი ან შშმპ წევრების მთავარი მომვლელი; რეინტეგრაციის შესაძლებლობებისა და სპეციალიზებული ზრუნვის მომსახურების ნაკლებობა;
  • მიუწვდომელი/ძვირი სამედიცინო მკურნალობა;
     

IOM საქართველოს არ აქვს სპეციალური პროგრამები მხოლოდ ქალებისთვის, თუმცა რეინტეგრაციაში ხელშეწყობა, მათი კონსულტაცია და გადამისამართება შესაბამის დაწესებულებებში და მათი დახმარება ტრენინგსა და დასაქმებაში ჩვენი სამუშაოს დიდი ნაწილია.

 

ვირტუალური კონსულტაცია

ხელმისაწვდომობა დროულ, მიუკერძოებელ და სანდო ინფორმაციაზე აუცილებელია ღირსეული ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც მიგრანტებს საშუალებას მისცემს ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და წარმართონ დაბრუნების პროცესი. ვირტუალური კონსულტაციის (VC) სესიების საშუალებით მიგრანტებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინფორმაციას საქართველოში არსებული რეინტეგრაციის პროგრამების შესახებ სანდო მრჩევლების მეშვეობით, რომლებიც საუბრობენ მათ ენაზე და ესმით მათი პრობლემები.

ვირტუალური კონსულტაციის კომპონენტი პირველად გერმანიასთან დაიწყო 2020 წელს, პანდემიისადმი საპასუხოდ.

2021 წლიდან IOM საქართველომ ვირტუალური კონსულტაცია ირლანდიაში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებს შესთავაზა, ხოლო 2023 წლიდან ფინეთში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი მიგრანტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

კითხვების უმეტესობა, როგორც წესი, ეხება რეინტეგრაციის დახმარების პროგრამებს, დაბრუნების პროცესს, სამართლებრივი დოკუმენტების მოპოვებას და საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

გარდა ამისა, IOM საქართველო საჭიროების შემთხვევაში, ვირტუალურ კონსულტაციას უწევს ყველა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საჭიროებს გამომგზავრებამდე ინფორმაციის მიღებასა და კონსულტირებას მშობლიურ ენაზე. ასევე, იმ მოწყვლად პირებს, რათა მათ უკეთესად დაგეგმონ საქართველოში ჩამოსვლის მერე გადაუდებელი პროცედურების გავლა. 

2020 წლიდან IOM საქართველომ 714 ვირტუალური კონსულტაციის სესია ჩაატარა.