სურბის განსხვავებული კულტურების შესწავლა ყოველთვის იტაცებდა და ბათუმში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აღფრთოვანებით შეხვდა. სურბიმ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მეგობრებისგან მოიძია და 2016 წელს „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სურბი საქართველოში მარტო ჩამოვიდა და მაშინვე ქართული ენის შესწავლა დაიწყო, რადგან ძალიან სურდა, თავი ახალი ქალაქის ნაწილად მალე ეგრძნო. სურბიმ ქართულად საუბარი რამდენიმე თვეში შეძლო და ბევრი ადგილობრივი და უცხოელი მეგობარი შეიძინა.

სურბის მშობლებს ყოველთვის სურდათ, რომ მათი შვილი ქირურგი ყოფილიყო, მაგრამ სურბი ოჯახის ექიმობაზე ოცნებობს, რადგან სჯერა, რომ კომპეტენტურ ოჯახის ექიმს არამარტო სიცოცხლის გადარჩენა, არამედ პაციენტის გართულებებისგან  და ქირურგიული ჩარევისგან დაცვაც შეუძლია.

სურბის საქართველოზე ძალიან კარგი წარმოდგენა ჰქონდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა - მეგობრული და დაუზარებელი ადამიანები, ხელმისაწვდომი ფასები, მშვიდი გარემო, ლამაზი ბუნება და გემრიელი კერძები სურბის სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დარჩენისაკენ უბიძგებს. სურბის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ინდოეთში ერთი წლით დაბრუნება სურს, რა დროშიც ექიმის სალიცენზიო გამოცდის ჩაბარებას გეგმავს, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნებაზე, ცოდნის გაღრმავებაზე და გამოცდილების მიღებაზე ფიქრობს.

სურბი დროის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას ცდილობს და სწავლის გარდა, სხვა საქმიანობითაც არის დაკავებული. ის საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC-ის ადგილობრივი კომიტეტის პრეზიდენტია, რომელიც ახალგაზრდებისთვის ლიდერის თვისების გამოსავლენ გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს. ამასთან, სურბი ბათუმში მცხოვრებ ინდოელ სტუდენტებს სამოგზაურო დაზღვევის მიღებაში ეხმარება და მათ დასახმარებლად Facebook-ზე საინფორმაციო ჯგუფს მართავს. სურბის თქმით, COVID პანდემიის დაწყებისას ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, რადგან საინფორმაციო სააგენტოების უმრავლესობა მხოლოდ ქართულადაა ხელმისაწვდომი, ხოლო IOM-ის Facebook ჯგუფის - “Migrants in Georgia”-ს დახმარებით სურბი და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები რეგულარულად იღებენ ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას.

სურბი საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ამის თქმა სხვა უცხოელ სტუდენტებზე  არ შეუძლია, რომელთა დიდი ნაწილი რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. სურბის სჯერა, რომ როგორც ბათუმს, ისე სრულიად საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და სურს, ქართველები მეტად ამბიციურები იყვნენ: „საქართველომ არაერთი შესაძლებლობა მომცა - ეს ქვეყანა დამეხმარა გამეაზრებინა, თუ ვინ ვარ. მჯერა, რომ ბათუმს ახალგაზრდა, ნიჭიერი ხალხი სჭირდება, რომელთაც უკეთესი მომავლისა და ცხოვრების შესაქმნელად საკმარისი მოტივაცია, უნარები და გამოცდილება ექნებათ.“
 

ფოტო:ერიკ გურლანი