უახლესი ამბები
Local

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღე 2023

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით 16 ოქტომბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრა თელავში, საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში. 

45-მდე მოსწავლე და 20 სტუდენტი დაესწრო ორ საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით  თელავის #4 საჯარო სკოლასა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მონაწიილეებს გააცნო ტრეფიკინგის დანაშაულის განმარტება, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მანდატი, რეფერირების და დაცვის არსებული მექანიზმები და ასევე ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სერვისები. IOM-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადამიანით ვაჭრობის გამოვლინებებზე,  რომლებიც  საქართველოს კონტექსტში აქტუალურია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა ტრეფიკინგს, IOM-ის ცნობიერების ამაღლების აქტივობებს, სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარებას ტრეფიკინგის მსხვერპლთა უკეთ იდენტიფიცირების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, IOM-მა მონაწილეებთან ერთად განიხილა ევროპასა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხები, მათ შორის, უსაფრთხო მიგრაციის მნიშვნელობა, ევროკავშირში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობები.

მონაწილეების კითხვები ეხებოდა საქართველოდან მიგრაციის საკითხს, განსაკუთრებით ევროპაში სწავლისა და კარიერის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომელიც ევროპას შეუძლია შესთავაზოს ქართველ ახალგაზრდებს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, IOM-ი საქართველოში ახორციელებს უსაფრთხო მიგრაციის საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მოიცავს პოტენციური მიგრანტების ინფორმირებას მიგრაციის რეალობისა და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ (როგორიცაა ადამიანით ვაჭრობა). IOM-ი და იუსტიციის სამინისტრო უკვე მეორედ იმყოფებოდნენ თელავში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით. შეხვედრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ახალგაზრდებში, რაც მათი აქტიური ჩართულობითაც გამოიხატა.