უახლესი ამბები
Local

ძლიერი პარტნიორობა დიასპორის ჩართულობისათვის - IOM-ის სემინარი პარტნიორობის გასაძლიერებლად

2024 წლის 12-13 მარტს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლებისთვის გამართა სემინარი სახელწოდებით „ძლიერი პარტნიორობა დიასპორის ჩართულობისათვის“, რომელიც მიზნად ისახავდა დიასპორასთან პარტნიორობისა და ჩართულობის შესწავლას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. სემინარი ჩატარდა IOM-ის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინკლუზიური გლობალური ალიანსები დიასპორის ჩართულობისთვის“ ფარგლებში. 

სემინარის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს დიასპორასთან პარტნიორობის უპირატესობები პროგრამულ დონეზე, გაეცნენ დიასპორის ჩართულობის განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, აგრეთვე გაიგეს დიასპორის ჩართულობისას მრავალმხრივი პარტნიორობისა და სექტორული მიდგომების ღირებულება და დიასპორის ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკები.

სემინარი გლობალური დიასპორის პირველი სამიტის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელსაც IOM-მა ირლანდიის მთავრობასთან და სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან პარტნიორობით, დუბლინში 2022 წელს უმასპინძლა. სამიტი დასრულდა "დუბლინის დეკლარაციის" მიღებით, რომელიც ყოვლისმომცველ დღის წესრიგს წარმოადგენს დიასპორის ქვეყნის განვითარებაში ჩართულობის გასაზრდელად. სამიტის შედეგად გადაწყდა შექმნილიყო გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსი (GDPA), რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მთავრობებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ინკლუზიურ თანამშრომლობას დიასპორების მდგრადი განვითარების სფეროში.

დიასპორა აკავშირებს მასპინძელ და წარმოშობის ქვეყნებს, და ხელს უწყობს პარტნიორობის გასაძლიერებლად რესურსების მობილიზებას. ათწლეულების განმავლობაში, IOM თანამშრომლობს თავის წევრ ქვეყნებთან, დიასპორის თემებთან და პარტნიორებთან, რათა წარმოაჩინოს დიასპორასთან პარტნიორობის სარგებელი.