უახლესი ამბები
Global

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ყალბი დოკუმენტების გამოვლენაში

დოკუმენტების გაყალბების თანამედროვე ტენდენციების გაცნობა და დოკუმენტის შემოწმების მოწინავე ტექნიკა საქართველოს სასაზღვრო ორგანოებს საკუთარი უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ყალბი დოკუმენტებით მოსარგებლეთა გამოვლენაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებას.

ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) განაგრძობს დოკუმენტების შემოწმებისა და თაღლითობის ამოცნობის კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას.

საქართველოს მთავრობამ გაზარდა ძალისხმევა საზღვარზე ყალბი დოკუმენტების გამოსავლენად - როგორც საქართველოში შემოსვლისას, ასევე გამგზავრებისას - რათა თავიდან აიცილოს ყალბი დოკუმენტების მქონე მოგზაურების ტრანზიტი ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნაზე საპასუხოდ, IOM-მა მიზნობრივი სასწავლო კურსის ჩასატარებლად მოიწვია ექსპერტი ნიდერლანდებიდან, რომელმაც დამსწრეებს დოკუმენტებით გაყალბების ზოგადი კურსისგან განსხვავებული, მეტად ფოკუსირებული პროგრამა გააცნო.

ტრენინგი ოფიციალურად 14 თებერვალს „შერატონ მეტეხი პალასში“ 9 საათზე დაიწყო. კურსები 14-15 თებერვალს თბილისში, 17-18 თებერვალს კი ბათუმში ჩატარდა და მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიება  წარმოადგენს პროექტის „ინტეგრირებული საზღვრის მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ ნაწილს, რომელსაც „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)“ ფარგლებში IOM ახორციელებს მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროებში და ავსებს საყოველთაო შესყიდვებისა და ტრენინგ აქტივობებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის კრიტერიუმების შესაბამისად.