უახლესი ამბები
Local

ევროპის დღის აღნიშვნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად

11 მაისს, ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში უმასპინძლა ევროპის დღეს საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, რომელსაც ათასობით ვიზიტორი ეწვია. მონაწილეებს შორის იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც წარმოადგინა სტენდი თემაზე „უვიზო მოგზაურობა ევროპაში“.

IOM-ის სტენდთან ვიზიტორებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ევროპაში უსაფრთხო, რეგულარული და ლეგალური მიგრაციის შესახებ, აგრეთვე, გაეცნენ უვიზო მიგრაციის რეგულაციებს, უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობებსა და არალეგალური მიგრაციის გზებთან დაკავშირებულ რისკებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტენდთან მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის/ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ ინტერაქტიულ თამაშებსა და ვიქტორინებში. გარდა ამისა, დამსწრეებმა გამოსცადეს საზღვრის გადაკვეთის სიმულაცია, ხოლო ბავშვებისთვის ევროპის რუქის ხის-ფიგურებიანმა თავსატეხმა, საგანმანათლებლო პროცესს გასართობი ელემენტი შემატა.

მასშტაბური ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობები იყო წარმოდგენილი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა „ევროპულ სოფელში“ მოსულ სტუმრებს საკუთარი კულტურა და ტრადიციები გააცნეს, მათ შორის, სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენები. ევროკავშირის პარტნიორებმა საქართველოში, მათ შორის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, განხორციელებული პროექტების შედეგები წარადგინეს და იმ სარგებელზე ისაუბრეს, რომელსაც ამ პროექტების დახმარებით მოქალაქეები იღებენ.  

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 9 მაისს აღინიშნება, ერთიანობის და მშვიდობის სიმბოლოა მთელს კონტინენტზე და საგამოფენო ცენტრში გამართული ზეიმი ამ მნიშვნელოვანი დღის სულისკვეთებას ასახავდა.