უახლესი ამბები
Local

IOM-მა ექსპლუატირებულ ბავშვებთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში IOM-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად 2021 წლის 29-30 ნოემბერს ექსპლუატაციის ქვეშ მყოფ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან კომუნიკაციის ეფექტიანი პრაქტიკების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

ბავშვთა დახმარების კუთხით გამოცდილმა ქართველმა ექსპერტმა პოლიციის გამომძიებლებით, პროკურორებით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის თანამშრომლებითა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებით შემდგარ აუდიენციას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ტრენინგის მიმდინარეობისას დრო დაეთმო დისკუსიებს ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებისა და მსხვერპლის დახმარების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს  საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარეს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან, მათ ოჯახებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას ვლინდება, რომლებიც მათხოვრობაში, წვრილმან დანაშაულში, პროსტიტუციასა და ტრეფიკინგის სხვა ფორმებში ბავშვების ჩართვით მათ ექსპლუატაციას ეწევიან.

ამავე პროექტის ფარგლებში IOM განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამ მიზნისთვის ჩატარდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურის ჩართულობას მრავალდისციპლინარულ გარემოში და კოორდინირებული მოქმედებების გაძლიერებას.