უახლესი ამბები
Local

IOM-მა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლებისათვის ინტეგრაციის საუკეთესო პრაქტიკის თემაზე ვებინარი ჩაატარა

IOM-მა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლებისათვის იტალიასა და პორტუგალიაში არსებული მიგრანტთა ინტეგრაციის მოდელებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ ვებინარი ჩაატარა.

ვებინარი ორი ნაწილისგან შედგებოდა. შეხვედრის დაწყებამდე მონაწილეებს IOM-ის ადგილობრივი პროგრამების ოფიცერმა, ანა კაკუშაძემ მიმართა. მისასალმებელი გამოსვლის შემდეგ, იტალიელმა ექსპერტებმა - IOM იტალიის მისიის ინტეგრაციის სპეციალისტმა & კოორდინატორმა, როზელა ჩელმიმ; იმიგრაციისა და ინტეგრაციის პოლიტიკის გენერალური დირექტორატის წევრმა, სტეფანია კონჯამ; აქტიური შრომითი ბაზრის პოლიტიკის სამსახურის ექსპერტმა, ელვიო პასკამ და შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ექსპერტმა, ჯოვანი დი დიომ იტალიაში მესამე ქვეყნების მოქალაქეთა ინტეგრაციის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის შესახებ ისაუბრეს.

ვებინარის მეორე ნაწილი პორტუგალიის გამოცდილებას დაეთმო, რომლის მიმდინარეობისას მიგრაციის უმაღლესი კომისარიატის მიგრანტთა ინტეგრაციის მხარდაჭერის დანაყოფის უფროსმა - ანა კუტეირომ ქვეყანაში მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკა და გამოცდილება დამსწრეებს გაუზიარა.

ვებინარის ორივე ნაწილის მიწურულს დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებლებისთვის კითხვები დაესვათ და აღნიშნულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.

აღნიშნული ვებინარი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებში მორიგი ვებინარი თებერვლის მიწურულს არის დაგეგმილი.

ვებინარი IOM-მა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთში და საქართველოში (EMERGE)“ ფარგლებში ჩაატარა.