უახლესი ამბები
Local

IOM-მა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საიზოლაციო სივრცეები მოაწყო

სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ,,ყაზბეგი'' და ,,ქუთაისის აეროპორტი“ კორონავირუსის და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, საზღვრის მკვეთი პირებისთვის საიზოლაციო სივრცეები მოეწყო. სამედიცინო სივრცეები სრულად პასუხობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარზე გადამდებ დაავადებათა კონტროლისთვის.

აღნიშნული პროექტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - "საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრის მართვის მიდგომების გასაძლიერებლად პანდემიის ადამიანების მობილობაზე ზეგავლენის შემცირების მიზნით" ფარგლებში განხორციელდა და მისი დაფინანსება შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს (SEM) მიერ მოხდა.

პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დაავადებათა გავრცელების რისკების მინიმალიზაციისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს დამცავი პერსონალური აღჭურვილობა (სახის დამცავი ფარები, პირბადეები, ბიოკომბინიზონები, ასევე, სამედიცინო ხალათები, დამცავი სათვალეები, ბახილები, რესპირატორები და ერთჯერადი ხელთათმანები) გადასცა.

,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამართულ ღონისძიებას  შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილე - ურს ბეერი, IOM-ის საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროგრამის ხელმძღვანელი - მასიმო რამანზინი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ელგუჯა ბერანძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დაჩი ქინქლაძე ესწრებოდნენ.

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა პროექტს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და იმავდროულად ლეგიტიმური მიგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით ნაყოფიერი, შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.