უახლესი ამბები
Local

IOM-ის ტრენინგები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებისთვის

IOM-ის ტრენინგები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებისთვის

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2020 წლის სექტემბერ - ოქტომბერში  ჩაატარა ტრენინგები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სისტემაში შემავალი სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებისთვის. ტრენინგის ძირითადი თემატიკა იყო დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში დადებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების იმპლემენტაციის საკითხები.

ამჟამად, დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში, საქართველოს ხელმოწერილი აქვს ორმხრივი შეთანხმებები (მაგ. საფრანგეთთან, ბულგარეთთან, ისრაელთან და ..) ეს შეთანხმებები სამუშაო ძალის სპეციფიკურ კატეგორიებზეა მიმართული და დასაქმების განსხვავებულ სქემებს ითვალისწინებს. მათი ეფექტიანი ამოქმედებისათვის აუცილებელია შეთანხმებების არსის, სამიზნე ჯგუფების, დასაქმების პროცედურების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია, სათანადოდ გააზრება და პროცესში ჩართული სტრუქტურების როლისა და ფუნქციების სწორად განსაზღვრა. ამ მიზანს ისახავდა IOM-ის თემატური ტრენინგები, რომელიც ჩატარდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

ტრენინგებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის უპირატესობების, შესაძლებლობებისა და რისკების გაცნობას. ასევე კონკრეტულ ქვეყნებთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედებისათვის საჭირო აქტივობების განსაზღვრას და მათ როლს ამ აქტივობებში.

ტრენინგები საქართველოს მასშტაბით გაიარა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 50-მდე თანამშრომელმა.