უახლესი ამბები
Local

ოზურგეთში დაბრუნებულმა მიგრანტებმა რკინა-ბეტონის მცირე საამქრო დააარსეს

15 ივნისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ოზურგეთში დაბრუნებული სამი  საქართველოს მოქალაქის მიერ დაარსებულ რკინა-ბეტონის ერთობლივ საამქროს, სამუშაო იარაღები და აპარატურა გადასცა. პოლონეთში, უკრაინაში და რუსეთში მიგრაციის გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა IOM-ის მხადაჭერით არსებული რკინის მიკრო საამქრო გააფართოვეს და რკინა-ბეტონის ნაკეთობების მცირე საწარმო შექმნეს.  

მცირე საწარმო ადგილობრივ მოსახლეობას და მუნიციპალიტეტს ახალ, ხარისხიან რკინის და ბეტონის მრავალპროფილურ პროდუქციას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას შესთავაზებს, იქნება ეს რკინა-ბეტონის ჭიშკრების და ღობეების მომზადება-დამონტაჟება, თუ ბლოკების, გარე მოსაპირკეთებელი ფილების და გარე სადგამი დიზაინერული ბეტონის წარმოება და მიწოდება.  პირველ ეტაპზე საამქრო ორ ახალ თანამშრომელს დაასაქმებს. წარმოების გაზრდა კი ახალი სამუშაო ადგილების და დასაქმებულთა უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაბრუნებული მიგრანტების მიერ წარდგენილი ბიზნეს განაცხადი მიგრაციის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელშეწყობით დააფინანსა.  პროექტის იდეის წარმატება სხვა ფაქტორებთან ერთად აპლიკანტების უნარებმა და მათ ხელთ არსებულმა რესურსებმა განაპირობა, მათ უკვე ჰქონდათ საამქროსთვის საჭირო სივრცე, რომლის გაფართოებაც გუნდურად, ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, პირადი რესურსების ინვესტირებით გადაწყვიტეს. 

ბიზნესი დაფინანსებულია პროექტის, „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში,“ ფარგლებში, რომელიც მიგრაციის განვითარების ფონდი (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

ოზურგეთში საამქროს ოფიციალურ გახსნას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი ესწრებოდნენ.