უახლესი ამბები
Local

საქართველოში დაბრუნების მსურველი მიგრანტების რეინტეგრაციის ახალი მეთოდები

საქართველოდან მიგრაციის აჩქარებული ტემპის პარალელურად, სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რიცხვი უკანასკნელ ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ COVID-19 პანდემიის პირველი ექვსი თვის განმავლობაში სამშობლოში 23 000-ზე მეტი ქართველ მიგრანტი დაბრუნდა, ომლებიც საზღვარგარეთ  დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პანდემიამ და შესაბამისმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ადრინდელი დაბრუნებულების მიმდინარე რეინტეგრაციის პროცესი. IOM-ის კვლევები ცხადყოფს, რომ 2021 წელს დაბრუნებულთათვის რეინტეგრაცია უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე - წინა წლებში. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბევრი ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოსოციალური ფაქტორი, რამაც მათ თავის დროზე ქვეყნის დატოვება გადააწყვეტინა, უცვლელი დარჩა ან მიმდინარე კრიზისის დროს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

2021 წლის 27 სექტემბერს IOM-მა პარტნიორები და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებში ჩატარებული ახალი კვლევების შედეგების წარსადგენად და ინოვაციური მეთოდების განსახილველად მოიწვია. შეხვედრაზე განიხილეს კავშირებისა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება რეინტეგრაციასა და მდგრად განვითარებას შორის.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, რომელმაც განაცხადა: „დეპოპულაცია და ადამიანური კაპიტალის დაკარგვა ხელს უწყობს ბაზრის გაუარესებას საქართველოს დაუცველ რეგიონებში და კიდევ უფრო დესტაბილიზაციას უწევს სიღარიბითა და შესაძლებლობების ნაკლებობით დაზარალებულ ადგილობრივ თემებს. საქართველოს ყველაზე დაზარალებულ რაიონებში მყოფი შინამეურნეობები დამოკიდებული არიან შემოსავალზე, რომელსაც ფულადი გზავნილების სახით იღებენ, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს მიგრაციისკენ, რათა საკუთარი ოჯახების დახმარება შეძლონ. მოხარული ვართ, გაგიზიაროთ ახალი მიმართულება, რომელსაც IOM მსოფლიოს მასშტაბით ნერგავს რეინტეგრაციისა და განვითარების დასაკავშირებლად. აღნიშნული ძალისხმევა მიმართულია რეინტეგრაციის კუთხით დასაბრუნებელი გარემოს გასაუმჯობესებლად და დაბრუნების მსურველთათვის შანსის მისაცემად, რომ გახდნენ პროგრესისა და განვითარების ელჩები საკუთარ თემებში.“

საქართველოდან უკანონო მიგრაციისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესამცირებლად, ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, საქართველოს მთავრობამ სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეების რეინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად აქცია. მართლაც, დაბრუნება და რეინტეგრაცია „საქართველოს 2021-2030 მიგრაციის სტრატეგიაში“ მკაფიოდაა ხაზგასმული. რეინტეგრაციის ხელშეწყობის ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფონზე. IOM-ის ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ რეინტეგრაციის პროგრამების ბენეფიციარების 30 პროცენტზე მეტი ფიქრობს, რომ საქართველოს დატოვება კვლავ მოუწევს, რაც სამუშაო ადგილებისა და უსაფრთხოების ნაკლებობაზე, დაბალ ანაზღაურებასა და აუცილებელი სერვისების ნაკლებობასა ან ოჯახის მხრიდან ხელახალი მიგრაციის წნეხზე მიუთითებს. ეს და სხვა დაკვირვებები IOM-ის უახლესი კვლევებიდან აჩვენებს, რომ დაბრუნებულთა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად, დაბრუნების რეგიონებში მოსახლეობის გამოსაცოცხლებლად, პანდემიის მძიმე შედეგებთან საბრძოლველად  და დაბრუნების თემებში მიგრაციის აუცილებლობის გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ჭავჭავაძე მონაწილეებს მიესალმა და რეინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც „საქართველოს 2021-2030 მიგრაციის სტრატეგიის“ ნაწილია: “აუცილებლად მიგვაჩნია, რომ დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციაზე ზრუნვა, არ იფარგლებოდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროგრამით, არამედ უნდა დაინერგოს ერთიანი მიდგომები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ის შესაძლებლობები, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების, ასევე სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.”

საკუთარ მისასალმებელ სიტყვაში გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, საბინე მახლმა დაბრუნების მსურველ მიგრანტებზე, როგორც საქართველოს სამომავლო შესაძლებლობაზე ისაუბრა: „დაბრუნებულ მიგრანტებს გააჩნიათ შესაბამისი უნარ-ჩვევები, გამოცდილება და მეწარმეობის შესაძლებლობა, რასაც შეუძლია საქართველოს გამოცოცხლებას შეუწყოს ხელი. ამავდროულად, ბევრი დაბრუნებული მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების, უმუშევრობის დონის ზრდისა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის არარსებობის გამო სიღარიბის რისკის ქვეშაა. საქართველოს მთავრობა იაზრებს აქტიური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რათა ხელი შეუწყოს დაბრუნებულთა წარმატებულ რეინტეგრაციას, რისთვისაც გასულ წლებში დიდი ძალისხმევა ჩადო პოლიტიკის, სტრატეგიებისა და ინსტიტუტების განვითარებაში. მიგრანტთა დაბრუნება და რეინტეგრაცია „საქართველოს 2021-2030 მიგრაციის სტრატეგიაში“, გაეროს დღის წესრიგში  საკვანძო პრიორიტეტებია.“

IOM-ის მიერ გამართულ ონლაინ ღონისძიებას დაინტერებული მხარეები და პარტნიორები დაესწრნენ, რომელთა ინტერესებშიც მიგრანტთა მდგრადი რეინტეგრაცია და საქართველოში ადგილობრივი განვითარება შედის, რათა საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივ ძალისხმევასა და საპილოტე მიდგომებს და, ამავდროულად, განისაზღვროს სამომავლო გზა. პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებები გამოიყენება „IOM საქართველოს ქვეყნის სტრატეგიაში“ 2022-2025 წლებისთვის.

ჩამოტვირთე კვლევა (ინგლ.)