უახლესი ამბები
Local

თემების გაძლიერება უკეთესი ხვალინდელი დღისთვის

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე სოციალური საწარმოს „მულტიფუნქციური სერვის ცენტრის“ ოფიციალურ გახსნაზე.

გასულ წელს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით საქართველოში 3,000-მდე ადამიანი დაბრუნდა, რაც ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ისტორიაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საგულისხმოა ისიც, რომ უკან დაბრუნებულთა რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა ხერხებით ბრუნდებიან, ოფიციალურად გაცხადებულს ბევრად აღემატება და ყველაზე ხშირად მიგრანტები რეინტეგრაციისა და დასაქმების პრობლემებს აწყდებიან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამ მიმართულებით ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიურად თანამშრომლობს, და დაბრუნებული მიგრანტების დასაქმებისა და მათი მარტივად ადაპტაციისათვის, სხვადასხვა სათემო პროექტს ახორციელებს, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა სოციალური საწარმოების შექმნა.    

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ სოციალური საწარმო უკვე ოფიციალურად გაიხსნა,“ განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა მულტიფუნქციური სერვის ცენტრის გახსნაზე, რომელიც თბილისში, სამგორის რაიონში მდებარეობს.  

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ადგილობრივ თემში საკმაოდ ინტენსიურია ემიგრაცია და ასევე დიდია უკან დაბრუნებულ მიგრანტთა რიცხვიც, ჩვენ კი ვცდილობთ მათ დავეხმაროთ რეინტეგრაციაში და შევთავაზოთ დასაქმების პერსპექტივები,“ დაამატა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.  

ახლად გახსნილი ცენტრი უზრუნველყოფს ისეთი საკითხების გადაწყვეტას, როგორებიცაა, თემში მცხოვრები დამწყები ან დაუსაქმებელი ხელოსნებისთვის, დაბრუნებული მიგრანტებისთვის და ახალგაზრდებისთვის, სამეწარმეო და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესება და პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ინვენტართან წვდომის შესაძლებლობების გაზრდა; გარდა ამისა ცენტრში მოწყობილია ნივთების ბიბლიოთეკა, რომელიც ქმნის სარემონტო-სამშენებლო ინვენტარის შეღავათიან ფასად  გაქირავების შესაძლებლობას, თემის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო  საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.    

ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ და მისი მიზანია სამომავლოდ ამ ტიპის ცენტრების რეპლიკაცია სხვადასხვა თემებში.  

„ეს გახლავთ ძალიან კარგი და პრაქტიკული ინიციატივაა, რომელიც ითვალისწინებს დაბრუნებული მიგრანტების დასაქმებას, ასევე მათ ხელშეწყობას, რათა ადაპტაცია გაიარონ სამშობლოში უკან ჩამოსვლისას, ასევე მათი გამოცდილებაც ჩამოიტანონ და გაგვიზიარონ, რომელიც სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში ცხოვრებისას მიიღეს,“ თქვა სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ. 

„გარდა ამისა, ცენტრი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, რომ შეღავათიან ფასებში შეძლოს სარემონტო და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ქირაობა, სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად,“ განაცხადა მან. 

სოციალური საწარმო „მულტიფუნქციური სერვის ცენტრის“ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის, „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“, რომელიც დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ და სამგორის რაიონის გამგეობის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ დიანა დუნდუას, IOM საქართველო: ddundua@iom.int