უახლესი ამბები
Local

ტრენინგი შრომითი მიგრაციის ორმხრივი შეთანხმებების შესახებ

2022 წლის 31 მაისს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი - ორმხრივი შეთანხმებები შრომითი მიგრაციის სფეროში.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დასაქმების ხელშეწყობისა სახელმწიფო სააგენტოსა, პროფესიული უნარების სააგენტოსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  თანამშრომლები.

ტრენინგს უძღვებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ვენის რეგიონული ოფისის, შრომითი მობილობისა და სოციალური ჩართულობის განყოფილების წარმომადგენელი.  

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას შრომითი მობილობის საკითხებზე სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შესახებ, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას, როგორც სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობისა და შეთანხმების მოდელების, ისე, მოლაპარაკების პროცესის, შეთანხმებების განხორციელებისა და შეფასების შესახებ.

მონაწილეებმა განიხილეს  შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მამოძრავებელი ფაქტორები, მათ შორის, საქართველოს კონტექსტში, ასევე  ეფექტური ორმხრივი შრომითი შეთანხმებების ძირითადი კომპონენტები და მიმოიხილეს მოლაპარაკებების პროცესში გასათვალისწინებელი საკითხები და მონიტორინგისა და შეფასების კარგი პრაქტიკა, საქართველოს მიერ, ამ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში მიღებული გამოცდილების გააზრებით.

ტრენინგი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებისათვის”- ფარგლებში.